საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ლგბტ კვირეულთან დაკავშირებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს", არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.
საპატრიარქოს თანახმად, „საჭიროა დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა“.
„ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული ,,ლგბტ კვირეული", რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.
მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
მისივე თანახმად, „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა“.
„ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით.
ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ, დღეს შეიძლება, განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.